დექსამეტაზონი და ანაფილაქსია
ჩემთვის გაურკვეველი და აუხსნელია ჩვენს საზოგადოებაში დექსამეტაზონის მიმართ დიდი სიმპათია და თვითნებურად მისი ასე ხშირად მოხმარება.
განსაკუთრებით საყურადღებოა მისი გამოყენება ანაფილაქსიის სამკურნალოდ თუ საპრევენციოდ და ამ ეფექტის მიღების მცდელობა საინექციო ხსნარის არასაინექციო გზით (ამპულის გატეხვა და დალევა) მიღებით.
ამიტომ, შემოგთავაზებთ დექსამეტაზონის (და ზოგადად გლუკოკორტიკოსტეროიდების) განხილვას ანაფილაქსიის მკურნალობისას.
რა არის ანაფილაქსია?
ანაფილაქსია – ეს არის მწვავე, სისტემური ალერგიული რეაქცია, რა დროსაც შეიძლება მოხდეს სასუნთქი გზების ძლიერი შეშუპება, სუნთქვის გაძნელება და წნევის ვარდნა. ანაფილაქსია, შესაძლოა, დასრულდეს სიკვდილითაც.
დექსამეტაზონი – ეს არის ჰორმონი, გლუკოკორტიკოსტეროიდი, ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ეფექტით (ხუთჯერ უფრო ძლიერი პოტენციის მქონეა, ვიდრე პრედნიზოლონი).
დექსამეტაზონის გამოყენება ანაფილაქსიის დროს
დექსამეტაზონის გამოყენება ანაფილაქსიის დროს არათუ არ არის ეფექტური, არამედ არც შედის რეკომენდაციებში. მკურნალობის დაწყება ნებისმიერი გლუკოკორტიკოსტეროიდით ან ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო) მედიკამენტით და ადრენალინის მეორე რიგის პრეპარატად გამოყენება, არის დიდი საექიმო შეცდომა, რადგან მისგან მიღებული ეფექტი ძალიან ნელია ანაფილაქსიის კუპირებისთვის.
გლუკოკორტიკოსტეროიდების მოხმარება, კლინიკურ პრაქტიკაშიც ანაფილაქსიის მკურნალობისას ასთმისა და კრუპის მკურნალობიდან ინერციით გადმოტანილი პრაქტიკაა და ძირითადად, ანაფილაქსიის ბიფაზური (განმეორებადი) მიმდინარეობის პრევენციისთვის გამოიყენება.
თუმცა, სისტემური მიმოხილვები და კვლევები ვერ აჩვენებს სარგებელს და მათი დადებითი ეფექტი ამ კუთხითაც კითხვის ნიშნის ქვეშ არის. მათი რუტინული გამოყენების სარგებელი ჯერჯერობით არ გამოკვეთილა.
ბიფაზური მიმდინარეობის პრევენციის საუკეთესო მეთოდად, პირველ რიგში რჩება, ადრენალინის სწორად და დროულად გამოყენება.
სავარაუდოდ, კრუპის მკურნალობიდან ინერციით გამოტანილია ამპულის გატეხვა და დალევაც. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა დოზირების კუთხით ბიოექვივალენტურობა განსხვავდებოდეს, მსგავსი მეთოდი არსებობს, თუმცა, რეკმომენდაციებში ეს არა პირველად, არამედ ერთ-ერთ ალტერნატიულ განსახილველ გზად არის მოწოდებული, როდესაც ამპულიდან ამოღებული ხსნარის გახსნა შეიძლება მოხდეს სიროფში ან წვენში, რათა მედიკამენტი მარტივად მიეწოდოს ბავშვს.
როგორ მოვიქცეთ ანაფილაქსიის დროს?
აბა რა ვატაროთ ჩანთით თუ არა დექსამეტაზონი?
პირველ რიგში, საკუთარ თავს დაუსვით შეკითხვა – რატომ უნდა ატაროთ საერთოდ რამე ანაფილაქსიის სამკურნალოდ?
ამაზე პასუხი შეიძლება იყოს შემდეგი:
- წარსულში თქვენ ან თქვენ შვილს გქონდათ ანაფილაქსიური რექცია რაიმე საკვებზე, მედიკამდენტზე და/ან მწერის ნაკბენზე და იმყოფებით ანაფილაქსიის განვითარების რისკჯგუფში;
- წარსულში არ გქონიათ რაიმე მსგავსი შემთხვევა, არ ხართ ანაფილაქსიის განვითარების რისკჯგუფში და უბრალოდ გსურთ, რომ იყოთ მზად გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის.
თუ ხართ ანაფილაქსიის განვითარების რისკჯგუფში:
- ამ შემთხვევაში, აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია ალერგოლოგთან, დაგეგმოთ პრევენციისა და მკურნალობის სტრატეგია.
- შემდეგ უნდა ისწავლოთ პირველადი სამედიცინო დახმარება, თავი აირიდოთ სავარაუდო შემთხვევისგან (მოერიდოთ იმ სუბსტანციას, რაზეც ხართ ალერგიული, გამოიყენოთ DEET-ს შემცველი სპრეი მწერების მოსაშორებლად), ისწავლოთ თუ როგორ, რა დოზებით და რა შემთხვევაში გამოიყენოთ ადრენალინი და მუდამ თან გქონდეთ ის.
თუ არ ხართ ანაფილაქსიის განვითარების რისკჯგუფში:
- ამ შემთხვევაში, ამაზე ზედმეტად ნერვიულობა ბოლომდე რაციონალური არ არის. მაგალითად, კრაზანის და მწრების ნაკბენის აბსოლუტური უმრავლესობა არ მთავრდება ანაფილაქსიით. რეაქცია, როგორც წესი, ადგილობრივია და < 3% შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ანაფილაქსია.
- საქართველოში კი წლიურად დაახლეობით 40-60 ანაფილაქსიის შემთხვევა ხდება და მათი აბსოლუტური უმრავლესობა მთავრდება გამოჯანმრთელებით.
მაშინ, როცა ასობით და ათასობით შემთხვევაა გულის გაჩერების, ავტოსაგზაო შემთხვევების, სხვადასხვა ტიპის ტრავმების, სისხლდენების და ა.შ.
შესაბამისად, ხომ არ ჯობს, მზაობა გქონდეთ იმ პათოლოგიებისთვის, რომლებიც უფრო ხშირია, ვიდრე იმათთვის, რომლის ალბათობაც გაცილებით მცირეა?
ამიტომ, პირველ რიგში, გაცილებით მნიშნელოვანია პირველადი დახმარების სწავლა და სხვა აღჭურვილობის (ლახტი, გფრ ნიღაბი და ა.შ.) ხელმისაწვდომობა, ვიდრე ანაფილაქსიაზე ნერვიულობა.
თუმცა, თუ მაინც გაქვთ შიში, გამოსავალი აქაც იგივეა – გაიარეთ კონსულტაცია და ალერგოლოგთან შეთანხმებით შეადგინეთ ანაფილაქსიის მართვის ჩანთა, სადაც პირველი ადგილი უნდა ეკავოს ადრენალინს და უნდა ისწავლოთ მისი სწორი გამოყენება.
შეჯამება:
ზემოთარსებული ინფორმაცია არ არის ექიმთან კონსულტაციის ჩამანაცვლებელი, ნებისმიერი გადაწყვეტილება ამა თუ იმ დაავადების მკურნალობასა თუ პრევენციაზე უნდა იქნას მიღებული ინდივიდუალურად, ექიმთან კონსულტაციით.
თუმცა დექსამეტაზონის ამპულის ტარება ანაფილაქსიური რეაქციის მკურნალობისთვის და/ან პრევენციისთვიის, ცალსახად და ერთმნიშნელოვნად გაუმართლებელი და არასწორია.
რადგან ანაფილაქსიასთან ერთად ხშირად დასმული შეკითხვის შესახებ ბლოგისთვის გადადით შემდეგ ბლოგზე > ურტიკარია, ანუ ჭინჭრის ციება
ჯანმრთელობას გისურვებთ ![]()
